კეშას ბლოგი

მე მოვკვდები, ოდესმე, აუცილებლად მოვკვდები, იქნებ – ხვალ, იქნებ – 50 წლის შემდეგ – ვინ იცის.
მაგრამ, ზუსტად ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამიხსენებს, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ეტკინება დიდხანს და გულწრფელად, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ჩამოუგორდება ღაწვზე თბილი და ჩუმი ცრემლი…
იმიტომ, რომ სიკვდილი გაიეფდა…

არა, პოსტს ბევრი დაწერს, ვინმე ჩემს ფეისბუქგვერდზეც დამიწერს აცრემლებულ სმაილებს და ტკბილ სიტყვებს – მოდაშია ახლა ინტერნეტით მოსამძიმრება – მაგრამ, რა წამსაც თვალს მოაშორებს ჩემს ფოტოს და გვერდით გაიხედავს – სხვა უბედურებას დაინახავს და გადავავიწყდები.
წინა კვირაში 4 დაკრძალვა იყო, ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა, თანამშრომელს – დედა, ნაცნობს – 9 წლის ქალიშვილი, ძველ მეზობელს და დაეღუპა.
ერთზე ვიწყებ ფიქრს და მეორე მახსენდება, მერე მესამე, მერე მეოთხე. მერე მექანიკურად, გაუთვიცნობიერებლად, ვიწყებ არჩევას – რომელი უფრო მეტკინა – როცა ვხვდები, რას ვაკეთებ, მრცხვენია, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა – ვერ ვგლოვობ ოთხივეს ერთნაირად და ერთად.
სიკვდილი გაიეფდა.

დრო უნდა სიკვდილს, გლოვას დრო უნდა – რომ არ მიეჩვიო, ყოველდღიური რუტინა რომ არ გახდეს.
გარდა ამ ოთხისა, მთელი კვირა ხან ვინ წერდა ფეისბუქზე ახლობლის გარდაცვალების პოსტს და ხან ვინ.
ერთმა დღეს დაწერა: დედა მომიკლა ღამით ოთხმა კაცმა, შემოცვივდნენ, მომიკლეს და გამოწვევა მიღებულიაო.
ვერ ვხვდები, ანუ, ეს ახლა წავა და იმათ დედებს დახოცავს?
რა ეფეისბუქება – დედის ცხედარი არ გაციებია ცხვირწინ, მოკლული დედის ცხედარი.
დედის სიკვდილი როგორ შეიძლება იყოს გამოწვევა?

მაგრამ, რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რუტინა გახდა ცრემლიანი სმაილები, დამამშვიდებელი ტექსტები, მისამძიმრება გახდა რუტინა.
ადრეც იხოცებოდნენო – გვეუბნებიან. წამოდით, გავიდეთ სასაფლაოებზე – მკვდრებს ვეღარ ვატევთ, ხალხნო, ბოლო ათწლეულში დასაფლავებულ მკვდრებს. სად ვიხოცებოდით ამდენნი, როდის ვიხოცებოდით ამდენნი.
- ახლა მეტი ინფორმაციაა და ვიგებთ, თორემ, ვიხოცებოდითო – მითხრეს.
9 აპრილს დახოცილ ადამიანებზე ათჯერ მეტი გარდაიცვალა ბოლო თვეში მხოლოდ ნარკოტიკით და წარბი არ შეგვტოკებია. თითი კი – თითი შეგვიტოკდა კლავიატურაზე – წარბი არა.

მე ის კი არ მადარდებს, რომ ოდესმე, როცა მოვკვდები და აუცილებლად მოვკვდები, ვინ გამოკერებია ცას – ათეულ ადამიანზე მეტს არ ჩამოცვივდება თბილი, ჩუმი და გულწრფელი ცრემლი – მე ჩემი ცრემლი მადარდებს – სად წავიდა ჩემი ცრემლი, რატომ არ ჩამომდის ყველა გარდაცვლილისთვის, როგორ და როდის ამომიშრა ცრემლი, როდის გახდა რუტინა სიკვდილი.

მაგრამ, ჩვენ ბევრნი ვწყდებით, ყოველდღიურად ვწყდებით. ვწყდებით, იმიტომ, რომ არ ვთხოვთ ექიმებს ყველა გარდაცვლილი პაცინეტის გამო ახსნა-განმარტებას, არ ვთხოვთ მთავრობას, დაგვიცვას ნარკოტიკისგან, დაბინძურებული ქალაქისგან, არ ვთხოვთ სკოლებს, დაიცვან ჩვენი შვილები, აარიდონ ცივ იარაღს და ძალადობას.

ჩვენ ყოველდღიურად ვწყდებით, ზოგი უჭმელობით, ზოგი ჭამით – უმეტესად, ნაგავს ვჭამთ, საწამლავს ვჭამთ უმეტესად, იმიტომ, რომ საწამლავი უფრო იაფი ღირს, ბევრად იაფი ღირს და ვერ ვწვდებით ჯანსაღ საკვებს, თორემ, განა გემოვნება არა გვაქვს ან არ ვიცით, რა მივირთვათ და როდის.
და რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტად სწრაფად დაგვყავს მანქანა და მით მეტნი ვემსხვერპლებით ავარიას, რაც მეტნი ვწყდებით, მით ნაკლებად ვდარდობთ სხვების სიკვდილზე – იმიტომ, რომ რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტს ვკლავთ, სინდისის გარეშე ვკლავთ, ჩვენ ხომ ერთი დღით ვცხოვრობთ უკვე, რატომ უნდა დავინდოთ. რაც მეტად ვწყდებით, მით მეტად გვიმუშავდება სისხლზე და ძალადობაზე იმუნიტეტი…

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტ ღამეს ვათევთ, მით მეტ შხამს ვსვამთ და ვჭამთ, მით მეტად ვჩქარობთ წინ სიარულს და ამ სირბილში, ამ უძილობაში – მთავარი გვავიწყდება, უკან გვრჩება მთავარი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტ კვანტს ვუდებთ ერთმანეთს, მით მეტად ვიბოღმებით, მით მეტად გვძულს, მით მეტად ვცდილობთ განდიდებას და სულ ერთი ხდება, როგორი გზით ვიშოვნით ფულს, რადგან, ხომ მაინც მოვკვდებით, ხომ მაინც აღარავის ვემახსოვრებით – მეორე დღესვე მოკვდება სხვა და დაგვივიწყებენ – ამიტომ, ერთი დღით ვცხოვრობთ, მხოლოდ დღეს და აქ ვცხოვრობთ.

რაც მეტნი ვწყდებით, მით უფრო აღარ ვუფრთხილდებით სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად ვიცავთ სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად გვიყვარს სიცოცხლე.
ასეა, რაც ნაკლებ ცრემლს დავღვრი – მით მეტად გამიჭირდება ბედნიერებით ტკბობა, რაც ნაკლებს ვიგლოვებ, მით მეტად გამიჭირდება სიყვარული, რაც ნაკლები მეწყინება – მით ნაკლები გამიხარდება.

ემოციებს გვიკლავს სიკვდილის გაიაფება და იმიტომ – რა არის ადამიანი ემოციისა და გულის გარეშე? – რობოტი სოფია?
ასე თუ გაგრძელდება, მალე ყველანი რობოტი სოფიები ვიქნებით, იმ განსხვვებით, რომ რობოტი სოფია არ დაბერდება და მოკვდება, ჩვენ კი, სიკვდილს ვინღა ჩივის, ნეტავი დავბერდებოდეთ, სიბერეს მივატანდეთ, ნეტავი.

ჩვენს გადაჯიშებას საუკუნეები ცდილობდნენ, საუკუნეები შეალიეს ჩვენს გატეხვას, საუკუნეები დასჭირდა ჩვენში ქართველის მოკვლას.
ქართველში ქართველის მოკვლა სიკვდილს შესძლებია მარტო, გაიეფებულ, რუტინად ქცეულ სიკვდილს.

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტს და მით უფრო ჯიუტად ვმუშაობთ ლუკმა-პურისთვის, დღეს და ღამეს ვაერთიანებთ. სტომაქს ვივსებთ და ვიძინებთ, ვიძინებთ იმაზე ფიქრის გარეშე, რა გაგვიხარდა და გვეწყინა, იმაზე ფიქრის გარეშე ვიღვიძებთ დილით – რა გვინდა სინამდვილეში, რისი კეთება და როგორ ცხოვრება.

არავინ მოუკვდება რობოტ სოფიას.

იცის მისი დანიშნულება რობოტმა სოფიამ, ყველა კითხვაზე პასუხი აქვს – რა აზრი აქვს მის არსებობას.
ზოგჯერ, მშურს ადამის და ევას, მშურს, რადგან მათ არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდათ პასუხი.
ზოგჯერ, მე ვბრაზდები ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.

მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც სჯობს, იმას, რაც ჩვენ გვჭირს – უკითხვობა გვჭირს, კითხვა არ გვაქვს, არ გვინდა კითხვის დასმა – პასუხის შიშით.
ასე ხდება, როცა სიკვდილი გახდება რუტინა, როცა სიკვდილი გაიეფდება, ასე ეკარგება მაშინ სიცოცხლეს ფასი, ასე ეკარგება ადამიანობას ფასი.
როცა ერთი დინოზავრი მოკლა სიცივემ, ცა და მიწა რომ ჩამოენგრიათ დინოზავრებს, ერთად რომ დამდგარიყვნენ – ერთმანეთს რომ გადაჯაჭვოდნენ, ერთმანეთი რომ გაეთბოთ – შეიძლება გადარჩენილიყვნენ, არ გადაშენებულიყვნენ… ან დახოცილიყვნენ, მაგრამ, ისე რომ მათ სიკვდილს აზრი ჰქონოდა, ისე, რომ მთელ მსოფლიოს ენახა ერთი ადგილისკენ მიმავალი მათი ნაფეხური, ისე, რომ კოსმოსიდან გამოჩენილი მათი ერთად და ერთმანეთზე შეზრდილი ძვლები.

რა დაგვრჩენია სამალავებში, არაფერია სანახავი ქვიშაში, რა აზრი აქვს არსებობას, თუ ვერ უნდა ვიცხოვროთ – ნუ გავხდით რუტინად სიკვდილს.
ყველა სიცოცხლისთვის ერთად დავდგეთ, ყველა სიცოცხლისთვის ერთად ვიბრძოლოთ, ყველა სიკვდილს ერთად დავუპირისპირდეთ და ერთად ვიგლოვოთ – ცხოვრება ვცადოთ, გადაჯიშების, გადაშენების, რობოტად ქცევის გარეშე.

თუ არაფერი გამოგვივა, დედამიწას სამუდამოდ დარჩება ერთმანეთისკენ მიმავალი ჩვენი ნაკვალევი.
თუ არაფერი გამოგვივა, დაე, კოსმოსმა დაინახოს ჩვენი ერთად და ერთმანეთზე გადაზრდილი ძვლები…
… ზოგჯერ, მე ვბრაზობ ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.



მეტის ნახვა
21-09-2018, 10:00


ამასწინათ მარიხუანა გავსინჯე – ჩვენი ეზოს "პლანაქეშები"შემომიჩდნენ და რამდენიმე ნაფაზი დავარტყი.

სახლში ასულმა ტელევიზორი ჩავრთე და, ჰოი, საოცრებავ – ტელევიზორი ყველაფერს ორად აჩვენებს – ორი სააკაშვილი, ორი გვარამია, ორი კვესიტაძე, ორი ჟიჟილაშვილი, ორი ჯაფარიძე, ორი ოთო კახიძე.

– რა დეამართა, ქალო, ამ ტელევიზორს, რა არის, ყველაფერს ორ-ორად რომ აჩვენებს? – გავძახე ცოლს.
ცოლი შემოვიდა – ისიც ორია, ორივე ერთმანეთის ასლი.

– ეს ორი ერთნაირი ცოლი როდის მყავდა-მეთქი, – გადავირიე კინაღამ, მაგრამ ამ ორმაგი ბედნიერების ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოვასწარი – სიდედრმა შემოიხედა – ისიც ორია!

– რა ხდება, გამაგებინეთ-მეთქი, ვიყვირე და ჩემს ყვირილზე ექვსი ბავშვი შემოვარდა ოთახში.
არადა, მახსოვს, სამი მყავდა…

– სამს ძლივს ვარჩენდი და ახლა ექვსი როგორ ვარჩინო… ამას დამატებული ორი ცოლი, ორი სიდედრი, ტელევიზორში კიდევ ორი გუგული მაღრაძე, ორი ნათელაშვილი, ორი ინგა გრიგოლია, ორი ნანუკა ჟორჟოლიანი, ორი გრიგოლ ვაშაძე – ამდენს როგორ გავუძლო მე ერთმა? – გავიფიქრე და ტირილი ამივარდა.

ორი ცოლი მაწყნარებს, ორი სიდედრი მამშვიდებს, ექსვი ბავშვი დამტრიალებს თავზე, მაგრამ ვერ ვჩერდები – ვტირივარ და ვტირივარ.
ცოტა ხნის შემდეგ, როგორც იქნა, გონს მოვედი – სამი ბავშვი, ერთი ცოლი, ერთი სიდედრი… სააკაშვილიც ერთი, ბოკერიაც ერთი, მელიაც ერთი, ბაქრაძეც ერთი…

იცით, როგორ მომეშვა გულს და უცებ როგორ ბედნიერად ვიგრძენი თავი?
მართლაც რა პატარა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის, არა?!

მეტის ნახვა
18-09-2018, 18:30


მაკარტიზმი _ ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც აშშ-ში ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყისში და ამერიკის ისტორიის არც თუ სასახელო ეპოქად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა მოიცვა იმის შიშმა, რომ "კომუნიზმი" სსრ კავშირის სახით მსოფლიო ბატონობას მოიპოვებდა, რადგან ევროპის ნახევარი ისედაც სტალინის გავლენის ქვეშ იყო. ამასთან დაკავშირებით, 1947 წელს აშშ-ის 33-ე პრეზიდენტმა ჰარი თრუმენმა ბრძანება გამოსცა, შეემოწმებინათ ყველა სახელმწიფო მოხელე. ამ პერიოდში გამოჩნდა ბევრი მსურველი, ქვეყანა კომუნისტებისგან გაეწმინდათ, მაგრამ მათ შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა სენატორი ვისკონსინის შტატიდან ჯოზეფ რაიმონდ მაკარტი. მან შეძლო დაერწმუნებინა ამერიკის საზოგადოება იმაში, რომ კომუნისტების ჯაშუშები ყველგან არიან და მხოლოდ ის (ჯოზეფ მაკარტი) არის მისი გადამრჩენელი.

1950 წლის 9 თებერვალს დასავლეთ ვირგინიის ქალაქ უილინგში გამოსვლისას მაკარტიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კომუნისტების ბუდეა და დონ აჩესონის (ტრუმენის მმართველობის დროს სახელმწიფო მდივანი) უწყებაშიც კი მათმა რაოდენობამ 205-ს მიაღწია. სწორედ ეს მოვლენა ითვლება მაკარტისტული მოძრაობისა და მაკარტის აქტიური მოღვაწეობის დასაწყისად. ბევრი პოლიტიკოსი და რესპუბლიკელი სენატორი გაოგნებული და შოკირებული იყო მაკარტის მიერ მაღალი თანამდებობის პირების მისამართით გამოთქმული ბრალდებებით (დონ აჩესონის გარდა მაკარტიმ ეჭვქვეშ დააყენა ჯ. მარშალის პატიოსნება და ერთგულება, რომელიც აჩესონამდე სახელმწიფო მდივანი იყო). თუმცა ისეთი მოღვაწეები, როგორებიც ტობერტ ტაკეტი და რიჩარდ ნიქსონი იყვნენ, პირიქით, სენატორის ქმედებას ამართლებდნენ და მხარს უჭერდნენ მას. ასე დაიწყო დევნის დრო, რომელსაც ხალხში "კუდიანებზე ნადირობა" შეარქვეს.

მაკარტიზმი ამერიკული საზოგადოების ყველა სფეროში შეიჭრა. მაკარტისტების აზრით, ყველა პრობლემის სათავე კომუნისტები და კომუნიზმი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაკარტიზმი მხოლოდ საძულველი კომუნისტების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა როდი იყო. ანტიკომუნისტურ განწყობას ამოფარებული მაკარტისტები ებრძოდნენ ლიბერალურ ინტელიგენციას, კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეებს, პროფკავშირების მოწინავეებს. დემოკრატ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენთან და მის ლიბერალურ გარემოცვასთან თანაარსებობა რესპუბლიკელი მაკარტისტებისთვის ადვილი სულაც არ იყო და ბევრი წინააღმდეგობა იჩენდა ხოლმე თავს. მაკარტისტები ბრალს სდებდნენ თრუმენს, რომ ის კომუნისტების მიმართ ძალიან შემწყნარებელი იყო და აშშ-ის მთელ სამხედრო სიმძლავრეს არ იყენებდა საბჭოთა კავშირის გავლენის გასანადგურებლად, ტრუმენი კი, თავის მხრივ, არ ამართლებდა მაკარტის ქმედებებს. თუმცა ამ აზრთა სხვადასხვაობას ხელი არ შეუშლია მაკარტისთვის, თავისი ხაზი "გაეტარებინა". 1950 წლის 23 სექტემბერს კორეის ომით გამოწვეული განწყობის კვალდაკვალ, მიიღეს მაკარენის კანონი "შიდა უსაფრთხოების შესახებ", რომელმაც პრეზიდენტის ვეტოც კი დაძლია. ამ კანონში ლაპარაკი იყო ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ძირგამომთხრელი და ანტიამერიკული საქმიანობა და გამოეძიებინა და გამოევლინა კომუნისტური ორგანიზაციები მათთვის საკადრისის მიზღვის მიზნით. 1952 წლის ივნისში კი, მრავალრიცხოვანი პროტესტისა და თრუმენის ვეტოს მიუხედავად, მიიღეს მაკარენი-უოლტერის ბილი მიგრაციის შეზღუდვის შესახებ. როცა 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, მაკარტიზმის გავლენა უფრო გაძლიერდა და თითქმის სახელმწიფო კურსად იქცა. რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ეიზენჰაუერი აქტიურად ურთიერთობდა მაკარტისთან და მაკარტისტებთან, მხარს უჭერდა მათ მოღვაწეობას. ხალხის მოლოდინი, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ "ნადირობა" შეწყდებოდა, არ გამართლდა და პირიქითაც კი მოხდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეიზენჰაუერი მთლიანად მაკარტის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამის ნათელი დადასტურებაა შემთხვევა, როცა სიტყვით გამოსვლისას ეიზენჰაუერმა არ წაიკითხა ის აბზაცი, მარშალის დამსახურებებს რომ ეძღვნებოდა, რადგან მაკარტი ასე არ მიიჩნევდა. 1953 წელს მაკარტიზმის "ოქროს წლად" იქცა, რადგან პრეზიდენტის მხრიდან არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. გახდნენ რა მმართველი პარტიის ნაწილი, მაკარტისტები ცდილობდნენ, თავად ემართათ ქვეყანა, მაკარტი კი აშშ-ში თითქმის ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. ყოველივე ეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და საკონსტიტუციო სისტემის კრიზისზე მიუთითებდა.

მაკარტისტები გამოძიებებს თავიანთ გამოძიებებს ახლა უკვე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის საშუალებით აწარმოებდნენ. მაკარტი ხელმძღვანელობდა სენატის სამთავრობო ოპერაციების კომისიას და გამოძიების მუდმივ ქვეკომისიას. მისი მთავარი "თანამებრძოლები" ველდი და ჯენერი კი აკონტროლებდნენ სენატის შიდა უსაფრთხოებისა და წარმომადგენელთა პალატის ანტიამერიკული მოღვაწეობის საგამოძიებო კიმისიას.

მაკარტისტებმა გამოძიების ინსტიტუტი ყოველივე პროგრესულისა და დემოკრატიულის დევნის იარაღად აქციეს. გარდა ამისა, მათი მოღვაწეობა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც კი იჭრებოდა. განსაკუთრებით ნათლად ეს გამოვლინდა, როცა ერთ-ერთმა მაკარტისტმა ბრიკერმა სენატში შეიტანა შესწიორება საკონსტიტუციო ხელშეკრულებების დადების დროს პრეზიდენტის უფლებამისილების შეზღუდვის შესახებ.

მაკარტისტების მოღვაწეობამ უჩვეულო მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ისინი ბრალს სდებდნენ ანტიამერიკულობასა და ღალატში ყველას, ვინც მათი აზრით თუნდაც ამის მცირე საბაბს იძლეოდა, ხშირად უსაფუძვლოდაც კი. მაკარტისტები ანადგურებდნენ პროფკავშირებს, ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან სახელმწიფო მოხელეებს. სახელმწიფო აპარატი ძალიან მკაცრ `წმენდას~ განიცდიდა. პირველი თვეების განმავლობაში სამსახურებიდან გაათავისუფლეს 800 ადამიანი, 600 თავად წავიდა. სახელმწიფო მოხელეების გარდა, "წმენდაში" მოყვნენ ცნობილი პროგრესული მოღვაწეები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დააპატიმრეს ან "შავ სიაში" შეიტანეს. იმ წლებში საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა 140-მდე კომუნისტი, პროფკავშირის ათეულობით მოღვაწე, ბევრი მეცნიერი, რეჟისორები, მსახიობები და ჰოლივუდისა და ქვეყნის კულტურული ელიტის სხვა წარმომადგენლები – "ჰოლივუდის ათიანი", “რედ ცჰანნელს”.

მაკარტისტები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ არც უნივერსიტეტებს, ათავისუფლებდნენ პროფესორებს და წვავდნენ წიგნებს. მაკარტიზმი ანადგურებდა ყველაფერს: პროგრესს, უდანაშაულო ადამიანებს, ქვეყნის იმიჯს და მათ "ნაქებ" დემოკრატიას. ისინი ახდენდნენ შესწორებებისა და სასამართლო კონდეფციების ინტერპრეტირებას ისე, როგორც თვითონ აწყობდათ, რათა ყოველგვარი სირთულეებისა და შეფერხების გარეშე გამოეცხადებინათ პიროვნება ან ორგანიზაცია "საეჭვოდ" და "სახიფათოდ". მაკარტისტები აკონტროლებდნენ ყველა სასამართლოს, თვით უზენაეს სასამართლოსაც კი. მათ დაიქვემდებარეს იუსტიციის სამინისტრო და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და… რაც არ შეიძლებოდა.

მაკარტისტების მოღვაწეობის ფინალურ აკორდად იქცა მორიგი კანონი, რომელიც 1954 წელს მიიღეს. ეს გახლდათ "1954 წლის კანონი კომუნისტებზე კონტროლის შესახებ". ამ აქტის შესაბამისად, მათ კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოაცხადეს და ჩამოართვეს ყველა უფლება და პრივილეგია, რითიც სხვა პარტიები სარგებლობდენ. გარდა ამისა, კანონი კომუნისტებს უკრძალავდა საზღვარგარეთის პასპორტის აღებას. ასევე შემოიღეს 14 ნიშანი, რომელთა მიხედვითაც დგინდებოდა კომუნიზმთან ადამიანის კუთვნილება. უნდა ითქვას, რომ ეს ნიშნები იმდენად გაურკვეველი იყო, რომ აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქე ხდებოდა ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ნიშნით მაინც.

მაკარტნის მოღვაწეობა ამერიკის არმიასაც შეეხო. რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაიცემოდა ტელესესიები, სადაც მაკარტი კითხავდა ამერიკის უმაღლეს სამხედრო პირებს, მათ შორის, ომის გმირებსაც. ამ გამოსვლებით მაკარტიმ ქვეყანას უჩვენა თავისი სრული უღირსობა. სამხედროებმა საპასუხოდ, მაკარტი დაადანაშაულეს ფაქტების გაყალბებაში და სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, რომელიც მაკარტის მოღვაწეობის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს იძიებდა. 1955 წელს მაკარტიმ შეიტანა ბოლო რეზოლუცია სენატში იმის შესახებ, რომ შეეცვალათ სოციალიზმის მიმდევარ ქვეყნებში წყობა. ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 77-მა სენატორმა მისცა.

მაკარტის საქმის მოსმენა დასრულდა, სენატი, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მას იგნორირებას უწევდნენ, თავად იგი კი შერცხვენილი დარჩა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ ძლიერად იმოქმედა მაკარტიზე, მან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დაიწყო და 1957 წელს გარდაიცვალა.
მაკარტიზმი ყოველთვის დარჩება ამერიკული წარსულის სამარცხვინო ფურცლად.

ბელა გველესიანი






მეტის ნახვა
6-09-2018, 11:00


ირანში, ფერეიდუნ შაჰრის რაიონში ყველაზე კომპაქტურად ცხოვრობენ საქართველოდან 4 საუკუნის წინათ იძულებით გადასახლებული ქართველები და მათი მთავარი ოცნება, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საქართველოს უკავშირდება.

მე არაერთხელ დავრწმუნდი ამაში.

ისინი საქართველოს ინახავენ ფერეიდანში, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, აქ, საქართველოში, ისე უდარდელად ვკარგავთ, როგორც ერთ მუჭა წყალს და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ დადგება დრო, როცა ეს უდარდელობა სანანებელი გაგვიხდება…

გასულ კვირას ჩემი ფერეიდნელი მეგობრები შემეხმიანენ და იქაური ქართული ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლის ვიდეოჩანაწერი გამომიგზავნეს.
უტკბილესად მღერიან და ისეთ ქართულს ლაპარაკობენ, საქართველოში, ბარე ორს არ ეცოდინება ისეთი თავანკარა და ტკბილი ქართული ლაპარაკი.
დღეს საქართველოში ინგლისურია მოდაში და ქართულ ენას და ტრადიციებს დრომოჭმულად მიიჩნევენ. სამაგიეროდ, ირანში საქართველოს ის 50 000 ქართველი სათუთად ინახავს და გადაუჭარბებლად ვიტყვი, ცივ ნიავსაც არ აკარებს დედაენას.

ისინი საქართველოს მეორე დედას ეძახიან და აქ ჩამოსვლა მათთვის სამოთხეში მოხვედრის ტოლფასი ბედნიერებაა.
მუჰამედ მოლიანი (მოლაშვილი), მისი ძმა ბაჰრამ მოლიანი და რძალი აზამ ასფანანი (ასპანაშვილი) საქართველოს ნამდვილი დესპანები არიან ირანში. ისინი იქ ინახავენ თავიანთ წილ სამშობლოს…

აზამ ასპანაშვილი ქართული ეროვნული ტანისამოსის დიზაინერია და ულამაზეს ქართულ სამოსს ქმნის.
მათი შვილები ქართულად ლაპარაკობენ, ქართულად მღერიან და ცეკვავენ ქართულ ცეკვებს.
მათ კონცერტებს ირანში უამრავი მაყურებელი ჰყავს, ხოლო აზამ ასპანაშვილის დიზაინით შექმნილი ქართული ორნამენტებით გაწყობილი სამოსი პირდაპირ „ბრენდად“ ითვლება.

ისინი ამაყობენ, რომ ქართველები არიან და ირანშიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ.

მუჰამედ მოლიანი (მოლაშვილი):
– ახლა აქ ვცხოვრობთ: მოლიანი, გუგუნანი, იოსელიანი, ასფანანი, დათუაშვილი, ასლანაშვილი, ლაჩინანი, ყურჩიანი, დარჩიანი, 19 გვარი არის სულ. იმ დროიდან 19 ნაწილად იყო გაყოფილი მიწა-წყალი შაჰისგან და ჯერჯერობითაც ხელი ვერ უხდენია ვერავის.
იქა არავინ არ ცხორებულა, ოხრად იყო იქაობა. მიწა გაჩუჩუნებულა (მიწისძვრა ყოფილა – ი.კ.) და ყველაფერი მომსპარა. თუ არა, იქა დიდი სოფელი ყოფილა, მხოლოდ გაფუჭებულა.

ჩონ წინაპრებსა იმდენი უბედურება გადოუტანია, მაგრამ თავის ფეხზე თვითონ დამდგარა, იმდენი უმუშავნია. მოუყვანია ჩონ თავი აქამდენა.
ახლა ჩვენ მუსულმანურ წესზე მივდივართ. შიიტი ვართ, მარა ახლა არ მამწონს, არ მამწონს ეს ამბავი.

– მაგალითად, დაქორწინება როგორ ხდება თქვენთან?

– წინათა დედ-მამამ აირჩიეს და შეაერთეს, ახლა და ახლა მივა-წავა, ნახავს და.

– თქვენ როგორ დაქორწინდით?

– მიველ, ვნახე, ბიძას ბიჭმა წამიყვანა იქა, მაჩვენა და წაველი. მოველაპარაკე და დოუბარე-ყე, ეს უნდა ვითხოვო და მერე თქეს, დრო მამეცითო, გაგსინჯოთ-ყეო, დაგაფასოთ რა ფასი გაქო. ერთი წლის უკან მოგიკითხოთო.

– გასინჯვა რას ჰქვია, როგორ ხდება ეს გასინჯვა?

– გასინჯვა როგორაა და რამდენ ოჯახსა, რამდენ ხალხსა გამაჰკითხვენ – ეს მოლიანი რა კაციაო, რა საქმეზეა, რა ფიქრი აქ, ნამუსს შაინახავს-არ შაინახავს, მიხედენ ჩემ დედასა, ჩემ დასა, მიხედენ შორიდან ჩემ ოჯახსა, გასინჯვენ, შავიდეს ეს გოგო თუ არ შავიდეს.

– თქვენი რჩეული რითი მოგეწონათ, როგორი იყო?

– ლამაზ იყო, (ეცინება – ი.კ.) ლამაზ.

– რა გვარის ქალია?

– ყაფლანაშვილი.

– ქართული იცის?

– თეირანში იყო გაზრდილი 20 წელიწადი. ძმასთან და დასთან ოჯახში სპარსულად ლაპარაკობდა, რომ შემოვიდა ჩვენთან, ოჯახში, ვუთხარ: მე სპარსული არ ვიცი, ქართულად დამელაპარაკე. სპარსული ვიცოდი, მარა ისე ვუთხარ, მოვატყუე (იცინის). 
ჩვენთან დედა ასწავლის ქალსა გაკეთებას, დალაგებას, კერვას, რომ უნდა გათხოვდეს ქალი, იმან ოჯახის ყველაფერი იცის. ქალმა უნდა იცოდეს საჭმელი გააკეთოს, ბავშვს მოუაროს, დაკეროს.

– მუჰამედ, თქვენ ქართული ვინ გასწავლათ?

– დედამ მასწავლა ლაპარაკი. წერა-კითხვა არ მასწავლა. ჩემ დედამ წერა-კითხვა არ იცოდა. სკოლა არ იყო მაშინ ჩვენთან, მაგრამ გოგოებს ისედაც არ უშვებდნენ, რო წავიდეს სკოლაში. მე რო დავიბადე, სიღარიბე იყო, სინათლე არ იყო სოფელში. მუშია ჩირაღით (ნავთის ლამპა – ი.კ.) ვანათებდით სახლსა. ისეთი ამბავები იყო, ისეთი რომა?! ახლა ტელევიზორი, ინტერნეტი, ისა, ისა, რა მახდენ, ხედავ? რა მახდეეენ? (რა მოხდა – ი.კ.) რას მოვესწარ, მაშინ რაის სწავლა და რაი იყო, რას ამბობ, მარა ვისწავლეთ მაინც.

დედა მეტყოდა:
– მუჰამად, ადესა, წყალი მოიტა, ადესა, პური მოიტა, ქართულ სიტყოს მეტყოდა. 15 წლისა ვიყავი, სპარსული კარგად არ ვიცოდი. ჩემ დედამ სპარსული არ იცოდა. ჩემ მამიდამ სპარსული ვერ დაისწავლა. ყველა ქართულს ლაპარაკობდა. სპარსული არ იცოდა სახლჩი არავინ. 
ისე ძალი ჰქონდა, რო სიტყვა გაიტანა ტვინჩი, ენაზედ, ჩამიდუა ტვინჩი, მე ცოცხალ კაცი გავხდი და შენთან ახლა ჩემ დურად ვცხოვრობ (დასავით ვარ – ი.კ.). მადლობას უბნობ-ყე, და იმ დედასა და დედის ენასა პატივცემა უნდა. იმიტომ ჩავატარეთ ესა, იმ უბედურობაჩი, იმ შიმშილჩი, იმ სიცოცხლობაჩი, ესეთი საქმე ქნა და მე ცოცხალ გამატარა. დედასა ფიქრი ჰქონდა, რომ მე ცოცხალ გავხდე და ქართული გავხდე (ჯანმრთელი ვიყო და ქართველად დავრჩე – ი.კ.) და ვილაპარაკო და იმიტომ პატივსა ვცემ დედის ენასა.
ზოგიერთმა ქართული არ იციან და იმათი ოჯახი გაფუჭებულია, ზოგ ოჯახი ივიწყებს ქართულს, სპარსულს მისდევს, ვლანძღავ-ყე იმასა, შევაჩვენებ-ყე.

– წერა-კითხვა არ იცი ხომ ქართულად, მუჰამედ?

– ვიცი, ისე ვიცი, პირველი კელას (კლასელი – ი.კ.) ბავშვი რომ წაიკითხავს. ახლაც ისე მწყურია ვიცოდე ქართული კარგად, როგორც მწყურვალეს წყალი. ჩემ შვილებმა, დიახ, კარგად იციან. გოგო მყვანს, იმხელა წერა-კითხვა იცის?! ოოო, დიახ.

– გათხოვილი არიან, ხომ თქვენი გოგონები?

– ერთი, მარიამი მყავს გასათხოვარი. საქართველოჩი უნდა გამოუშვა, აქ ისწავლოს, აქ მინდა დაოჯახდეს.

– მუჰამედ, საქართველოში გადმოსახლება არ გინდა?

– კი, მინდა. ფული უნდა მოვაგროვო, რომ სახლი ვიყიდო. მაგრამ ჯერჯერობით ირანჩი ვარ. იქა კარგი სიცოცხლობა არის, აქა ძნელია ჩემი სიცოცხლობა. აქ ცოტა ხელფასია. იქ მაძლევენ 800 დოლარს პენსიას. ოჯახი, ბავშვი, შვილი, ხო უნდა სამუშაო. ხალხი აქ მშიერი ადგები, დაწვები, ასე არ შეიძლება. 
ახლა აფხაზეთი და ცხინვალი რო დავკარგეთ, არ მოსწონს ხალხსა. ომი რო ჩატარდა, ძაან წუხდებოდა და ძაან არ უყორდა ხალხსა. საქართველო ამერიკას და რუსეთს შემეევლა (შეეწირა – ი.კ.).

არ უნდა გააკეთოს, თავის თავს უნდა მიხედოს საქართველომ.

– ძალიან დაგქანცეთ, დაგემშვიდობებით დროებით და გაგაცილებთ ქუჩამდე, ვწუხვარ, უცხო ხართ და გზა რომ ვერ გაიგნოთ?

– მადლობთ. არ შეწუხდე. თვითონ წავალ – საქართველოში რა დამკარგავს, ბავშვი დედის კალთაჩი დაიკარგება?

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
4-09-2018, 14:00


დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

“დავით აღმაშენებელმა ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა. ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო.

დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენთვის მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი სიძლიერე, განვითარება არის ერთად დგომაში, ერთად ყოფნაში, საერთო მიზნის ქონაში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ მთავარ საწადელს, საწადელს, რომლითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს იყო მათი მთავარი ამოცანა – საქართველო ყოფილიყო ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

imedinews.ge

მეტის ნახვა
12-08-2018, 16:00


კეშას ბლოგი

იჯიგრა „გირჩმა“ და მარიხუანას მოწევის ლეგალიზება მაინც დაამტკიცებინა საკონსიტუციო სასამართლოს.
ჩვენ ხომ უცნაურობების ქვეყანა ვართ, მარიხუანას მოწევა აღარ იქნება დასჯადი, მაგრამ მოყვანა-რეალიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები არ შესულა. არც რეგულაციები დამტკიცებულა ახალი.

პარლამენტმა _ რეგულაციები გამკაცრდება და ამაზე შემოდგომაზე ვიმსჯელებთო.
რატომ შემოდგომაზე? _ თუ ასეთი საშიშია მარიხუანის მოხმარება, მოიწვიეთ რიგგარეშე სხდომები და არ გადადოთ რეგულაციების დამტკიცება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბევრი მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც.
მოწინააღმდეგეები ამბობენ, მიჩვევის თვალსაზრისით, მეხუთე ადგილზეა მარიხუანა ნარკოტიკებს შორის. მისი ბოლი არათუ მწეველთათვის, არამწეველთათვისაც საზიანოა და უამრავ დაავადებას იწვევსო.

მომხრეებმა _ რა გინდათ, მაშინ სიგარეტიც და ღვინოც ავკრძალოთ, მარილიც და შაქარიც ამოვიღოთ მოხმარებიდან _ ეგაც ხომ მავნებელიაო. არა, ახლა, ჩვენ კი არ ვეწევით, არც გაგვისინჯავს, იმიტომ, რომ ვიცით, საზიანოა ადამიანისთვის, მაგრამოო, მაგრამ სხვისი შვილი ვის ადარდებსო, სხვისი ძმის ფილტვი ვის აინტერესებსო, სხვისი მამის სიკვდილი ვის დააკლდებაო?

პლანი მოიპარეს ამას წინათ ეზოდან პლეხანოვზე, მთელი ეზო იგინებოდა და ასე ეძებდა ქურდს იმავე ეზოში. რამდენიმე დღის წინ ველოსიპედი და სამშენებლო იარაღები მოიპარეს, მაგრამ ვის ახსოვს. აი, პლანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კი უსაზღვროა.
თქვენ ამბობთ, რომ არ იწვევს მარიხუანა მოჩვევას. თქვენ ამბობთ, რომ მისი მოწევა არ არის საზიანო სასუნთქი გზებისთვის, ნერვიული სისტემისთვის.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში რეგულაციები მარიხუანაზე დაცული იქნება და 21 წლამდე პირები მას არ მოწევენ.

და ბოლოს, თქვენ ამბობთ, რომ „გირჩს“ უკეთესი ადვოკატი ჰყავს, ვიდრე სახელწმიფოს? „გირჩმა“ მეტი მტკიცებულება წარმოადგინა, ვიდრე სახელწმიფომ? ოი, ოი, ეს ცუდი საკონსტიუციო სასამართლო, როგორ დაუჯერა „გირჩს“, როგორ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ _ ვინ ჭამს მაგას? 
რაო, სახელმწიფოს წარმომადგენელმა გაიხსენა სასამართლოზე სულ ცოტა ხნის წინ სასამართლოზე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცოლი, ქმარი და დედამთლი რომ ცუდად გახდნენ და სასწრაფო დახმარება დასჭირდათ? ორი წლის ბავშვი რომ უყურებდა გალეშილი ოჯახის წევრებს და ბოლს ისუნთქავდა, ორი წლის ბავშვი რომ დატოვეს უპატრონოდ _ ეგ ფაქტი წარმოადგინა მტკიცებულებად?

სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა სახელწმიფომ _ დანაშაულთა ორი პროცენტია ჩადენილი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანისგან? _ არა, ხო?

შევახოცოთ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა გვენაღვლება.

სირცხვილია, მთელი პარლამენტი და მთავრობა დარწმუნებული იყოს, რომ მარიხუანა მავნებელია ადამიანისთვის და მტკიცებულება ვერ წამოუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერ დააჯეროს სასამართლო, „გირჩს“ მოაგებინოს პროცესები. არ თქვათ, ახლა, „გირჩმა“ სასამართლო მოისყიდაო.
ეს საქმე ხორავას საქმეს მახსენებს, მაშინაც იუსტიციის მინისტრმა ბრძანა, სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცებულებებიო, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა პროკურატურას მტკიცებულებები და რას გაითვცალისწინებდა სასამართლო, რაც არ იყო?

ვინმეს თუ ჰგონია, გირჩმა სახელმწიფოს მოუგო, მწარედ სცდება _ ეს სახელმწიფომ მოუგო სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო დამარცხდა სახელმწიფოსთან.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ლეღვის ნახარშისგან რომ ვიფუფქებით და მაინც ვისმევთ სხეულზე ლეღვის ნახარშს.

ჩვენ ის ხალხი ვართ ფსიქოტროპული აფთიაქის წინ უწვერ-ულვაშო ბიჭებს რომ ვხედავთ წამლებით ხელში და მშვიდად ვუვლით გვერდს.
ჩვენ ის ხალხი ვართ, დემოგრაფიული მდგომარეობა რომ გადაშენებას გვიქადის.
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლის საცხოვრებელი ადგილიც აღარ დარჩება მალე ქვეყანაში.
და დავბოლდეთ, რატო არა?

დავბოლდეთ, ჩვენ ხომ გვშია და გვწყურია, ჩვენ ხომ გვცივა და გვცხელა _ დავბოლდეთ, დარდი გადავიყაროთ გულიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს და „გირჩს“ იმაზე თუ უფიქრიათ, ნეტა, დაბოლილებს რომ „კიშკა“ გაეხსნებათ, რა უნდა აჭამონ? სად უნდა იშოვნონ მშიერ ქვეყანაში ამდენი დაბოლილისთვის „კიშკა“.

მე არ ვბოლდები, მაგრამ ვისაც უნდა დაბოლება, არ ავუკრძალოთ.
მე არ ვქურდობ, მაგრამ ვისაც უნდა იქურდოს და წაართვას მდიდარს, აკი, ადრე ასე იყო, აკი, არსენა ყველას უყვარდა, აკი, ბევრად ადრე, როცა თემებად ვცხოვრობდით, მდიდარი და ღარიბი არ არსებობდა _ ყველაფერი საერთო იყო.
მე არა ვარ მკვლელი, მაგრამ ვისაც უნდა _ მოკლას! აკი, ადრე ასე იყო, სკალპს აცლიდნენ, ხვრეტდნენ, კლავდნენ, ჭამდნენ.
იესო ისმევდა კანაფის ზეთს, ანუ იესოც მოიხმარდა მარიხუანასო!

ჯერ იმდენჯერ ილოცეთ, რამდენჯერაც იესო, ჯერ გოლგოთას გზა გაიარეთ, მთელი კაცობრიობის ცოდვას არ გთხოვთ, ახლობლების ცოდვები იტვირთეთ, საკუთარ ცოდვებზე იყავით პასუხისმგებელნი და მერე კი ბატონო, წაისვით კანაფის ზეთი ტანზე, თუ კანაფის ზეთსა და კანაფის მოწევას შორის სხვაობას ვერ ხედავთ.

სიცილად არ მყოფნის ხალხი, რომლებიც გვაბოლებენ, რომ აი, არ გაუსინჯავთ, მაგრამ იციან, რომ შეიძლება ადამიანებმა მოწიონ.
გაუსინჯავთ კი არა, ისე აქვთ მონაწევი, როგორც დაგიბარებია, მაგრამ ტიპობენ, თამაშობენ, თავს გვაჩვენებენ.
მე გავსინჯე ცოტა ხნის წინ, ავდექი და გავსინჯე და არ მომეწონა, საკუთარ თავში აღმოჩენილი ცვლილებები არ მომეწონა, მოჩვენებითი თავისუფლება და რეალობის კარგვა არ მომეწონა.

გავსინჯე და გეუბნებით, მარიხუანა ნარკოტიკია, მარიხუანა სახიფათოა, მარიხუანა ვერც ღვინით თრობასთან მივა და ვერც კონიაკით ბახუსთან _ საერთოც კი არაფერი აქვთ.

ასე რომ, არ გვინდა ბაიათები, არ გვინდა შეთქმულების ისტორიები, რეალობა ესაა _ სახელმწიფომ გაგვყიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ბეჭედი დაასვა და „გირჩი“ უბრალოდ, შემსრულებელია, ქილერია.

ხოდა, დავბოლდეთ, დავბოლდეთ, და მერე „კიშკა“ მოვითხოვოთ. აბა, ერთი არ მოუციათ.

მეტის ნახვა
7-08-2018, 07:30



არა მარტო ინიციატორი, არამედ დაფინანსების მომძიებელი და სხვა წვრილმან-მსხვილმანი საკითხების მომგვარებელიც ოთარი იყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოთარი რომ არა, ეს საკმაოდ სქელტანიანი ორტომეული დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში ოთარისნაირი დიდბუნებოვანი და კეთილშობილი ადამიანი.

სულ საავადმყოფოებში დარბოდა _ ხან ერთს პატრონობდა, ხან _ მეორეს, ხან _ მესამეს, ხან _ რამდენიმეს ერთად.მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო საპატრონო _ ნათესავი, შორეული ნაცნობი თუ უბრალოდ, თანარაიონელი – გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის გვერდის ავლა არ შეეძლო, თან გადაყვებოდა, საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს მოაკლებდა და სხვას მოახმარდა.

წიგნიერი, განათლებული და ამავე დროს თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი იყო.

ნადირობის მოყვარულს ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს მთა-ბარი და ყველგან, ყველა კუთხეში გამორჩეული საძმაკაცო და სამეგობრო ჰყავდა.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ზეციურ საქართველოში ამაღლებული შენი სული, ძმაო ოთარ.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
5-08-2018, 17:46


კეშას ბლოგი

მიატოვა ადვოკატმა მალხაზ კობაური და – აჰა, ადვოკატიც კი მიხვდა, რომ დამნაშავეა, ეტყობა, უმალავდა ადვოკატს აქამდე ბრალდებული სიმართლეს, აი, ამ ადვოკატს ჰქონია სინდისი, თუ ჰქონია, არ მოინდომა მკვლელის დაცვა – გაჰყვირიან ერთნი.

მეორენი კობაურთან ერთად მისი ადვოკატის დახვრეტსაც ითხოვენ, აკი, ბრალდებულს ჩვენება შეაცვლევინა და ვიღაც ორ კაცზე ზღაპრები დააწერინაო.
და არიან მესამენი, ნეტარ არიან მესამენი, რომლებიც არც ყვირიან და არც დახვრეტას ითხოვენ, სხედან და ფიქრობენ, ფიქრობენ: – რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს, რა მოხდა სინამდვილეში იქ, მთაში, რა საშინელება მოხდა და ვისი ხელით?

მაინც, რატომ არ გვეუბნებიან, რა მოხდა იქ, ეშინიათ, ნეტავი, თუ რცხვენიათ? – დაფიქრებით მკითხა ერთმა და მაშინვე დავპირდი, რომ ეს ფრაზა ჩემს წერილში მოხვდებოდა.

365 წელს ერთმა ახალგაზრდა კაცმა, არაფრით გამორჩეულმა ახალგაზრდა კაცმა, არტემიდას ტაძარი გადაწვა – ისტორიაში რომ შესულიყო. ვიცი მე ამ ახალგაზრდა კაცის სახელი, მაგრამ, არ ვიმეორებ არასოდეს, არ არის ღირსი ისტორიაში შესვლის და სახელის დამახსოვრების და იმიტომ.
მომიტევეთ, იგივეს ვფიქრობ ავდოკატზეც – მივიდა, გადაწვა – წამოვიდა. ამიტომ, ამ წერილში, ჩემს წერილებში მის სახელს და გვარს არ ვახსენებ.
ერთი ადგილი უნდა გქონდეს, იმ ბიჭის დასაცავად რომ მიხვიდე, რომელსაც სამი ადამიანის, მათ შორის ბავშვის მკვლელობა ედება ბრალად, რომელსაც დაწერილი აქვს აღიარებითი ჩვენება ერთი უკვე, ერთი ადგილი უნდა გქონდეს და არ უნდა წუწუნებდე პატარა ბიჭივით, რომ სუსის მანქანები დაგდევენ.
ექსპერტიზის დასკვნის გამო არ მიმიტოვებია ბრალდებული, იმიტომ რომ ეს ექპერტიზის დასკვნა რაღაცააო… მე და ბრალდებული ვერ შევთანხმდითო… რა ვიცი, მიიყვანეს ბრალდებული პოლიციაში, გვითხრეს, სკოლაშიც არ უვლია, ქართულად საუბარიც უჭირსო – მალევე დაწერა აღიარებითი ჩვენება, რომელმაც მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე მანამდე გვქონდა, მივიდა ადვოკატი – დაწერა ბრალდებულმა მორიგი სულელური აღიარებითი ჩვენება ორ კაცზე, წამოვიდა ადვოკატი – დაწერა კობაურმა მესამე სულელური აღიარებითი ჩვენება ისევ, მე მოვკალიო

ხოდა, ადვოკატს უნდა დაგვარწმუნოს, რომ, კობაური არა თუ საკუთარ ადვოკატს, საერთოდ ვინმეს ეწინააღმდეგება, ვინმეს ეურჩება?
ყველაფერი 4 ივლისს დაიწყო, 4 ივლისს სიცხემ შეაწუხა სმიტების ოჯახი და გასაგრილებლად, დასასვენებლად გაუდგა გზას.
მე რომ სმიტების ოჯახი ვყოფილიყავი, კარავს წავიღებდი, ტყეში თუ წავიდოდი, სახლს შევიპირებდი, ტყის სიახლოვეს, სასტუმროში ადგილს დავჯავშნიდი, საკვებს წავიღებდი, რამდენიმე დღე თუ ვაპირებ ტყეში დარჩენას, იარაღას წავიღებდი – ნადირის შიშით მაინც.

მაგრამ, სმიტების ოჯახი უშიშარია, სმიტების ოჯახი ღამით ღია ცის ქვეშ აპირებს დაძინებას, არც კარავი ჰქონდა გაშლილი და არც სახლი ჰქონდა დაჯავშნული.

მეტიც, სმიტების ოჯახი სოფლიდან გააცილეს, სოფლიდან დასჭირდა გაცილება და გზის გაგნებაში დახმარება და ხეობაში წავიდა გამცილებლის გარეშე?
სმიტების ოჯახს იარაღი არ წაუღია თან – მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეეშინდათ ახალგაზრდა იარაღიანი კაცის დანახვის, ფოტოც კი გადაუღეს, მერე კი წაყვნენ, მანქანა მიატოვეს და წაყვნენ უფრო ღრმად ხეობაში, უფრო მიუვალ ადგილას წაყვნენ.

ანუ, არ ყოფილა სმიტების ოჯახი დასასვენებლად ხო წასული, არც ფრთხილი ყოფილა, როგორც ამბობდნენ მისი მეგობრები.
ექსპერტიზის დასკვნა დაიდო – ქალის უკანა ტანში კობაურის ბიომასალა აღმოჩნდა. საშოში კი მეუღლის ბიომასალა.
კარგი და დნმ-ის გარდა. რამის დადგენა შეუძლია ექსპერტიზას საქართველოში?
მაგალითად, როდის დამყარდა სექსუალური აქტი?

იყო, თუ არა სექსუალური აქტი ძალადობრივი?

როდის დადგა მსხვერპლთა გარდაცვალება?

ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად, როგორ შეიძლება დანაშაულის დადგენა? სპერმის კვალი რომ მკვლელობას ნიშნავდეს – ყველა კაცი მკვლელი იქნებოდა.
რა უნდოდათ სმიტებს ხადას ხეობაში? რისთვის წავიდნენ სინამდვილეში? – უკვე ღიად იწერება, რომ სმიტები არ იყვნენ უბრალო მოკვდავნი, რაიან სმიტს ამერიკაში არც თუ ისე უბრალო სამსახური ჰქონდა და არც თუ ისე უბრალო თანამდებობა. როგორ მოხდა, რომ ასე გამოცდილი ადამიანი, წავიდა დაუსახლებელ ადგილას მოუმზადებელი, შვილთან და ცოლთან ერთად და გაჰყვა იარაღიან ბიჭს ღრმად ხეობაში?

ან, თავიდან რომ გვიყვებოდით, უთვალთვალებდა მწყემსი სმიტების ოჯახს და ამის ფოტომასალა არსებობსო – აბა, როდის უთვალთვალებდა და სად?
ახლა გვიყვებით, უი, ის ფოტომასალა გარდაცვლილი ლორა სმიტის გვამისთვის გადაუღიაო – გვამის და ცოცხალი ადამიანის ფოტოებსაც ვერ ვარჩევთ?
გვამს უთვალთვალებდა კობაური?

ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: მიწის ბალახიანი ნიადაგიდან მოთავსებულ თოფზე აღმოჩენილი მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს, ამავე თოფზე აღმოჩენილი ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ნაწილი ეკუთვნის სმიტების ვაჟს, ნაწილი კობაურს.
ანუ, მიბჯენით ესროლა ამ თოფიდან და სისხლის წვეთიც არ მოხვდა იარაღს? ბიომასალა შეიძლება იყოს ოფლის წვეთიც, ნერწყვიც, კი, თავის ტვინის ნაწილიც შეიძლება იყოს ბიომასალა, და როგორც თავად ახსენებთ ამ ბალახიან ნიადაგს – ბალახიანი ნიადაგიდანაც შეიძლებოდა მოხვედრილიყო სმიტის ბიომასალა თოფზე, ისევე, როგორც კობაურის ბიომასალა მოხვდა თოფის ხელში დაჭერით.

ხოდა, რომელია? რა ბიომასალაა? სისხლი არაა, გავიგეთ, რა არის, თავის ტვინის ნაწილია, თავის ქალის ნამტვრევია შერჩენილია, ოფლია, ხელია უბრალოდ თოფზე ნახლები, თუ რა ჯანდაბაა? რას გვიყვებით?

ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ტელევიზიით გამომზეურდა – თარიღი აწერია კუთხეში 14.07 – ასეთ ხმაურიან საქმეზე 14-ში უკვე გაქვთ ექსპერტიზის პასუხი და ეს პასუხი არ მიაწოდეთ ადვოკატს, არა აქვს პროკურატურას?

22 ივლისამდე 8 დღეა – 8 დღე სად იდო ექსპერტიზის დასკვნა და რას ელოდებოდა?
რატომ გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ტელევიზიით და ადვოკატს მერე რატომ მიეწოდა? – თუ, ეგაც ტყუილია?
სამი ჩვენება გვაქვს ბრალდებულის – სამივე განსხვავებულია, სამივეგან განსხვავებული მოტივია – ხოდა, ეს ბიჭი ასე განათლებული და ასე მოხერხებულია, რომ სამჯერ შეცვალა ჩვენება?

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ბიჭის მთავარი კოზირი მისივე ჩვენებებია, ისე იხლართება, ისე მიკიბ-მოკიბავს, რომ ეჭვი ჩნდება – საერთოდ, იყო კი მკვლელობის დროს იქ, მკვლელობის ადგილას?

რატომ იყო რაიან სმიტი შიშველი? სად არის მისი ტანისამოსი? რატომ გააშიშვლეს და ვინ გააშიშვლა?
რატომ გააშიშვლეს კაცი, თუ ქალზე იხმარეს ძალა? და როდის გააშიშვლეს მამაკაცი, სანამ მის ცოლზე ძალას იხმარდნენ, თუ მერე?
რატომ არ გვითხრა გამოძიებამ თავიდანვე, რომ მსხვერპლებს თავის მხოლოდ ფრაგმენტები ჰქონდათ შემორჩენილი – რატომ გვიმტკიცებდა, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათო?

სად მიდიოდნენ სინამდვილეში სმიტები და ვის უნდა შეხვედროდნენ?
რატომ გაჩუმდნენ მარნეულელები?

რატომ გაჩუმდნენ ის ადამიანები, რომლებიც კობაურს დადებითად ახასიათებდნენ?
რატომ გვითხარით თავიდან, რომ კობაური სოფელმა ჩამოკიდა და ისე ათქმევინა სიმართლე?
რატომ გვითხარით, რომ კობაური სმიტებს უთვალთვალებდა – რამდენი დღე იყვნენ სმიტები ხადას ხეობაში, სანამ მოკლავდნენ და სად ათევდნენ ღამეს, სად რჩებოდნენ ეს დღეები?

ბოლოს და ბოლოს, რა გახდა იმის დადგენა – როდის, რომელ რიცხვში გამოვიდნენ სმიტები მარნეულიდან და როდის დახოცეს? სად იყვნენ ის დღეები – ვისთან იყვნენ, როცა კობაური უთვალთვალებდა?

და ბოლოს მკვლელობის მოტივიც მინდა რომ ამოღერღოთ: – ეჭვიანობა?

ისე, მოსწონდა ლორა სმიტი კობაურს, ისე მოსწონდა, რომ მხოლოდ ანალური სექსით დაკავდა მასთან, თან ახრჩობდა და თან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. არადა, ლორას ქმარი ხომ იმიტომ მოკლა, რომ ქალის სხეულით მშვიდად დამტკბარიყო.
მეორე მოტივი – სიბრაზე, შენიშვნა მიუცია რაიან სმიტს მწყემსისთვის – ერთი შენიშვნის გამო თუ სამი ადამიანი მოკლა, ფსიქოლოგის დასკვნა გვჭირდება მაშინ, არ იქნება მაშინ სრულ ჭკუაზე და გვატყუებთ.

რა მოხდა სინამდვილეში ხადას ხეობაში, ვხვდებით, რომ რაღაც საშინელი მოხდა, ფილმებს გვახსენებს უამრავს ეს საკონტროლო გასროლა თავში, კაცის შიშველი სხეული წამებაზე მიგვანიშნებს და 19 წლის ბიჭი, რომელიც უკვე მესამედ ცვლის ჩვენებას და სამივეჯერ იხლართება საკუთარ ტყუილებში. დანაშაული აღიარა და ახლა მაინც იტყოდა სიმართლეს – მაგრამ, რაც არ იცის, რაც არ უნახავს, რა თქვას?

გვითხარით, რა მოხდა სინამდვილეში ხადას ხეობაში, რატომ ვერ გვეუბნებით – გეშინიათ, თუ გრცხვენიათ?

მეტის ნახვა
31-07-2018, 13:50


ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე  ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ ჩატარდება.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლი, ჩატარდება 25 უფასო კონცერტი.

კონცერტები ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკთან ყოველდღე, 20:00 საათზე გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციისა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, ამ ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, ასევე  ტურისტების დაინტერესებას ამ მიმართულებით.
1tv.ge

მეტის ნახვა
27-07-2018, 10:30